მესამე პრეზიდენტის ადვოკატის შოთა თუთბერიძის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მიხეილ სააკაშვილი ექიმების კონსილიუმთან შეხვედრაზე უარს ამბობს, სიმართლეს არ შეესაბამება.
ამასთან, როგორც ადვოკატი ამბობს, სააკაშვილი ახალი კონსილიუმის შექმნასაც ითხოვს, რომელიც დაცვის მხარის მიერ შერჩეული ექიმებითაც იქნება დაკომპლექტებული. თუთბერიძე აღნიშნავს, რომ არც მოქმედ კონსილიუმს და არც სხვა ექიმებს არ უნდა შეეზღუდოთ მიხეილ სააკაშვილითან ვიზიტი.
"მიხეილ სააკაშვილი ითხოვს პარიტეტული კონსილიუმის რაც შეიძლება სწრაფად დაკომპლექტებას და შესვლას ციხეში. მოვითხოვთ, რომ კონსილიუმის ვიზიტი განხორციელდეს ყველანაირი შეფერხების და ხელოვნური ბარიერების გარეშე, ისე რომ ექიმებს, ადამიანებს რომლებსაც ევალებათ მესამე პრეზიდენტის სიცოცხლისა და ჯანმთელობის დაცვა, ჰქონდეთ საშუალება ნებისმიერ დროს, საკუთარი შეხედულებისა და საჭიროებისამებრ შეძლონ სააკაშვილთან ვიზიტი. გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მას არ სურდა კონსილიუმთან შეხვედრა არის სიცრუე. ის მზად არის მოქმედ კონსილიუმს შეხვდეს. ამასთან, ითხოვს ალტერნატიული კონსილიუმის შექმნას", - ამბობს თუთბერიძე.
ადვოკატი ამბობს, რომ თუ ექიმებს არ მიეცემათ სააკაშვილთან დაუბრკოლებლად შესვლის საშუალება, ყველა მომდევნო შედეგზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას დაეკისრება.
"ჩვენი მოთხოვნა იმასთან დაკავშირებით, რომ ექიმებს ჰქონდეთ დაუბრკოლებელი ვიზიტის საშუალება სააკაშვილთან უნდა იყოს უზრუნველყოფილი ჯანდაცვის და იუსტიციის სამინისტროების მიერ. ყველანაირი პასუხისმგებლობა ამ ვალდებულების შეუსრულებლობაზე და იმ შედეგებზე, რომელიც შეიძლება ვალდებულების შეუსრულებლობას მოჰყვეს, ეკისრება სახელმწიფოს და ამ ორ სამინისტროს", - თქვა შოთა თუთბერიძემ.
მისივე ინფორმაციით, ექიმების კონსილიუმი მიხეილ სააკაშვილთან გლდანის ციხის საავადმყოფოში დღეს შევა და ექიმებს უკვე ელოდებიან: "კონსილიუმს ველოდებით, ნებისმიერ დროს მისი წევრები შეიძლება მოვიდნენ აქ და შეხვდნენ ბატონ პრეზიდენტს".